ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მაკკეინი როცა თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო”

ამერიკაში მყოფმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჯონ მაკკეინის პანაშვიდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პირველად ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მომესმინა ექს-პრეზიდენტ ობამასთვის, ექს-პრეზიდენტ ბუშის, ჰენრი კისინჯერის, სენატორ ლიბერმანის და სხვა უდავოდ დიდი ადამიანების გამოსვლებისთვის.

მისი თქმით, ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს.

“მას 5 წელი აწამებდნენ ვიეტნამში, თუმცა მან შეასრულა მთავარი როლი ამერიკას და ვიეტნამს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაში. მოგვიანებით კი, მიღებაზე, კიდევ ერთხელ მოვისმინე, როგორ უყვარდა საქართველო, როგორ დაეხმარა ჩვენს მსგავს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაში და როგორ ცდილობდა ჩვენც დაგვხმარებოდა. ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო, მაშინაც კი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდნენ. მისი მთავარი ფრაზა იყო, რომ საკუთარი თავი უნდა შესწირო რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად ხარ. ამ დღეებში მთელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან თუ რესპუბლიკელები, თანაბრად გლოვობს გმირის დაკარგვას. მასთან ერთად ეპოქა დასრულდა. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, სენატორი ჯონ მაკკეინი თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

 

იტვირთბა....