ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კალანდიას ხელში ჰქონდა საგანი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა”

“მიხეილ კალანდიას ხელში ჰქონდა საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დღეს ჩხუბის ყველა დეტალის სრულად აღდგენა შეუძლებელია თუმცა, რამდენიმე ეპიზოდი კომისიამ დადგენილად მიიჩნია.

“მტკიცებულებათა ერთობლიობით ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ თუ რა ხდებოდა ჩხუბის განმავლობაში. დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით გ.ჯ. შეაგდო ფარდულში, მას გ.ჯ. მოქცეული ჰყავს მოხრილ მდგომარეობაში და ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ დანა ამოიღო და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა დავით სარალიძეს, რის შემდეგაც დანა დაუვარდა. ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ, რომელმაც როგორც კომისიამ დაადგინა, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში, შემდეგ, ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა. შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა. კომისიას ერთ-ერთმა გამოკითხულმა არასრულწლოვანმა ვიზუალურადაც კი დაუხატა ესკიზი თუ როგორი ნივთი უნდა ჰქონოდა მ.კ.-ს, რომელსაც შეიძლებოდა ბასრი პირი ჰქონოდა ან მის გარეშე ყოფილიყო“, – განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს 2 მოსწავლე დაიღუპა.

იტვირთბა....