თრუსოს ხეობასთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.
მისი თქმით საქართველოს მოქალაქეების დაკავებას დამაფიქრებელსა და შემაშფოთებელს უწოდებს.
„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს 16:00 საათისთვის ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან. მათი ჯანმრთელობა წესრიგშია და ველოდებით, რომ დღეს 16:00 საათისთვის იქნებიან გათავისუფლებულნი“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბაქოში იმყოფება.