გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს შეადგენს.
მისი თქმით, სახელმწიფო სულ 10 614 სტუდენტს დააფინანსებს.
“1 000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება”,- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.