„რაც მინისტრად დავინიშნე, ნახევარზე მეტი ვიმუშავე და ნახევარი მომიწია, ასე ვთქვათ, შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო”- ამის შესახებ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ “კურიერთან” კანაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაასრულოს, საქართველოში კი ორ დღეში დაბრუნდება. ქობულია პირობას დებს, რომ მეტ შვებულებას აღარ აიღებს:
“რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი საკითხი არ იდგებოდა. რადგან გადაწყვეტილება მოხდა ძალიან სწრაფად, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაცები. ჯანმრთელობასთან მქონდა კიდევ რაღაცები დაკავშირებული, რაც უნდა დავასრულო“, – განაცხადა ქობულიამ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.
მინისტრი გიორგი ქობულია არ დაესწრო გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში, ასევე აქ ჩატარებულ ბიზნესფორუმს, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულია შვებულებაში იმყოფებოდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა მინისტრი კრიტიკის საგანი და აღნიშნულმა ფაქტმა მის მიმართ კითხვები გააჩინა. გაჩნდა ეჭვი, რომ ის თანამდებობას ტოვებს.
თუმცა აღნიშნული უარყო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განაცხადა, რომ ეს საუბარი ეკონომიკის მინისტრთან მიმართებაში უსაფუძვლოა.