ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს

პარლამენტის წევრებს თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს.

მისი თქმით, არა მხოლოდ დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების უფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

„დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არაფერი აქვს საწინააღმდეგო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლისა და მათ მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, თუმცა დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ კანონი უნდა იყოს საქართველოს ინტერესებთან შესაბამისობაში.

„ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრა  საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის წევრ ილია წულაიას.

„ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, როგორც კალაძემ განმარტა,  დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას, მას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება.

„ჩვენი ინიციატივაა, 300 000 ლარი შეიცვალოს 300 000 აშშ დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთ წლიანი ბინადრობის უფლებით. ამის თაობაზე კანონპროექტი ინიცირებულია და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა დროულად დამტკიცდეს. მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის ცვლილება ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, ბინადრობის ნებართვა თავიდან შესაძლოა, მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცეს და არა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

შეგახსენებთ, რომ  შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია არიან.

იტვირთბა....