თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია „სვეტი“ მშენებლობას ვერ ახერხებს და ვერ ახორციელებს პროექტების დასრულებას.
მისი თქმით, თბილისის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა კომპანია „სვეტის“ არსებული პროექტები დასრულდეს და არ დარჩეს არც ერთი დაზარალებული ადამიანი.
„მინდა შევეხო სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ პრობლემას. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს სოციალურ ქსელში, თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით, დავეხმარეთ ყველანაირად, მშენებლობას ვერ ახერხებს, ვერ ახორციელებს პროექტების დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პარალელურად, სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და კიდევ ერთხელ ხასგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, როდესაც შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ საგამოძიებო მოქმედებებს, იცოდეთ, რომ იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა კომპანია „სვეტის“ არსებული პროექტები დავასრულოთ და არ დარჩეს არც ერთი დაზარალებული ადამიანი.
ხალხი უცხოეთშია წასული. შრომობენ, წვალობენ და იქიდან გადმორიცხული თანხებით ადამიანებმა შეიძინეს ბინები და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ. შესაბამისად, მინდა მოგმართოთ ყველას, რომ დედაქალაქში მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.