ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მართავს თუ არა ჩვენი პარტია კაშიას საწინააღმდეგო აქციას”: ირმა ინაშვილი განმარტებებს აკეთებს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც, ბოლო დროს, ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხება.

“რამდენიმე ჟურნალისტისთვის საერთო კომენტარს ვწერ, ვისაც აინტერესებს, – მართავს თუ არა ჩვენი პარტია გურამ კაშიას საწინააღმდეგო აქციას.

1 – კოლეგებო, პარტია, მისი ფორმატიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე, არაა დაკავებული მსგავსი ტიპის აქციების ორგანიზებით. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ამ ეტაპზე ემზადება რეზოლუციის საპარლამენტო განხილვებისთვის, რომელიც წინა რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას და დამნაშავეების დასჯას ითვალისწინებს. პარტია დაკავებულია ამ რეზოლუციაზე ხელმოწერების შეგროვებით. ესაა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება, რაც დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, ამიტომ გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული აქციის ორგანიზების არც დამგეგმავები ვართ, არც – მონაწილეები ვიქნებით და ვიმეორებ: მსგავსი ტიპის აქციები საპარლამენტო პარტიის ფორმატსა და სტრატეგიას არ პასუხობს! ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი და ჩვენი ამოცანები!

2 – კოკა მორგოშია (იმის მიუხედავად, არის თუ არა რომელიმე პარტიის ან საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი), პირველ რიგში, დამოუკიდებელი პიროვნებაა და თავისუფალი მოქალაქეა, რომელსაც მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში მისი პერსონალური პოზიცია აქვს. მორგოშია ხშირად მოქმედებს, როგორც “ქართული მარშის” დამფუძნებელი და მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი პირი და თავისუფალი მოქალაქე, ეს მისი არჩევანია, ამიტომ აპელირება იმაზე, რომელი პარტიის წევრია კოკა მორგოშია (თუ პარტია კავშირში არაა კონკრეტულ აქციასთან) არც სწორია და არც აქტუალური. კაშიასთან მიმართებაში კოკა მორგოშიას პოზიციაც პირადი გადაწყვეტილების საკითხია და ჩვენ არა ვართ იმ სტილის პარტია, რომელიც ათი ათასობით წევრს პირადი აზრის ან გადაწყვეტილებების შეზღუდვას დაუწესებს. ასეთი რამ არ და ვერ ხდება.

3 – რუსთავი 2-ის მხრიდან მუდმივი აქცენტირება იმაზე, რომ კოკა მორგოშია, რომელიც, თურმე, გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციას მართავს, არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, – ესაა პარტიის ხელოვნური მიკერების მცდელობა არაპარტიულ ღონისძიებასა და კოკა მორგოშიას პერსონალურ გადაწყვეტილებასთან, რასაც კავშირი არა აქვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან! რუსთავი 2-ი ვერ და არ ღალატობს საბჭოთა ჟურნალისტიკის მეთოლოგიას, სადაც ე.წ. თემასთან ხელოვნურად მიკერების ხერხი KGB-ს ცნობილ, სამარცხვინო ხერხადაა აღიარებული.” – წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, გურამ კაშიას წინააღმდეგ მორიგი კამოანია აგორდა ლგბტ პირების მხარდაჭერისა და ამის გამო უეფას მიერ დღეს დაგეგმილი დაჯილდოებიდან გამომდინარე.

იტვირთბა....