ე.წ. ქართული მარშის წევრის კონსტანტინე მორგოშიას გამოკითხვა დასრულდა. ის ფეხბურთელ გურამ კაშიას საკითხთან დაკავშირებით შსს-ში იყო დაბარებული.
როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, პოლიციაში კაშიას მისამართით გამოთქმული მოსაზრებების გამო დაიბარეს.
„დამიბარეს ერთ-ერთ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ასე მთავრდებოდა – „ჩამოხვალ 9-ში და ნახავ“. როცა გამომძიებლებმა სხვა პოსტებიც ნახეს, მიხვდნენ, არაფერი ისეთი არ იგეგმება. იგეგმება აქცია კანონის ფარგლებში. დაპირისპირებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მორგოშიამ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ, მორიგი შეურაცხყოფის გამო ოფიციალური Facebook გვერდი გააუქმა.
Instagram-ში კი კაშია წერს, რომ სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, მისთვის გამოცხადდება და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.
გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.
პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო მხარდამჭერი კამპანია, სახელწოდებით „გურამ შენთან ვართ“.