ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დისკრიმინაციას”: ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას

ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა აღნიშნავს, რომ თანასწორობის ჯილდო, რომელიც UEFA-მ კაშიას გადასცა, ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციისთვის და საქართველოსთვის.

“ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის, თავად გურამისთვის და ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის გარშემო განვითარებულ მოვლენებს,  ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დისკრიმინაციას, ძლადობას და გურამ კაშიას ამ გადაწყვეტილებაში ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საგულისხმოა ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მოსალოდნელი მატჩების ფონზე, თუმცა, მატჩების ორგანიზების საკითხი და უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული იქნება”- განაცხადა ნიკა ჯღარკავამ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ, მორიგი შეურაცხყოფის გამო ოფიციალური Facebook  გვერდი გააუქმა.

Instagram-ში კი კაშია წერს, რომ სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, მისთვის გამოცხადდება და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.

გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო მხარდამჭერი კამპანია, ჰეშთეგით  – #გურამშენთანვართ. ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ გურამ კაშიას. საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა გურამ კაშიას.

იტვირთბა....