ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ინფორმაციას აქვეყნებს.

„ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი დააკავეს. ყველა დაკავებული თბილისში ცხოვრობს“, – განაცხადეს „უწყების“ პრესსამსახურში.

რაც შეეხება სოფელ ჭვრინისის მკვიდრის, 1951 წელს დაბადებული გიორგი ხარაზიშვილის დაკავებას, ის ანალოგიური ბრალდებით თიღვის რაიონის სოფელ ბალთაში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....