ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა დანით: კახეთში ბრალდებულს 13 წელი მიუსაჯეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული ო.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: 2017 წლის 23 ოქტომბერს,  ო.კ.-ს და მ.მ.-ს  ჯერ მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს, ხოლო შემდგომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში სიტყვიერი დაპირისპირება  მოუხდათ, რა დროსაც ო.კ.-მ  შურისძიების მოტივით  მ.მ.-ს სახის არეში ჩაქუჩი დაარტყა. კონფლიქტით განაწყენებულმა ო.კ.-მ შურისძიების მოტივით მ.მ.-ს მკვლელობა განიზრახა და იმავე დღეს, ღამის საათებში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, განზრახ მოკვლის მიზნით დანით მ.მ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ო.კ. 2017 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ო.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....