საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ, მორიგი შეურაცხყოფის გამო ოფიციალური Facebook გვერდი გააუქმა.
Instagram-ში კი კაშია წერს, რომ სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, მისთვის გამოცხადდება და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.
გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.
პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო მხარდამჭერი კამპანია, სახელწოდებით „გურამ შენთან ვართ“.
შეგახსენებთ, რომ ეს კაშიაზე თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა არაა. მის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია ქართული მარშის ორგანიზატორობით მაშინაც დაიგეგმა, როცა გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ ვიტესში თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას, დაგმო ჰომოფობია და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა.
„დიდი პატივია, როდესაც ისეთი ორგანიზაცია გაჯილდოებს, როგორიც უეფაა. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მართლაც ამაყი ვარ ამ ჯილდოთიო. დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და იმედი მაქვს, ჩემი ქვეყნისთვისაც. უეფა ასეთ საკითხებს დიდ ყურადღებას ანიჭებს, რაც ძალიან კარგია. მე ყოველთვის ვიქნები ადამიანების თანასწორობის მხარეს მოედანზეც და მოედნის გარეთაც. მე მართლაც ამაყი ვარ და ძალიან მაგარია, რომ ამ ჯილდოს ვიღებ,“ – განაცხადა გურამ კაშიამ.