ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას პირველი ბარიერი გაიარა

„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო. მან ურთულეს ბრძოლაში გაიარა სლოვენიელი ალიაჟ ბედენეს ბარიერი.

პირველი სეტი ბედენეს ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ბასილაშვილმა 1:2-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მათ შორის სამი ბრეიკი იყო. მეორე სეტში ბრეიკპოინტები მხოლოდ სლოვენიელს ჰქონდა – მან ხუთიდან ერთი შანსი გამოიყენა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პარტიაში უკვე ბედენე იყო ბრეიკპოინტის გარეშე. ბასილაშვილმა მეორე და მერვე გეიმებში ორჯერ შეასრულა ბრეიკი და სეტი დამაჯერებლად მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ვერ აიცილა თავიდან მეხუთე სეტის თამაში, რადგან მეტოქის ორ ბრეიკს ვერ უპასუხა და მეოთხე სეტში დამარცხდა.

მეხუთე პარტიაში ბასილაშვილი წაგების პირას დადგა, როცა მესამე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო. თუმცა, ნიკამ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და თანაფარდობა აღადგინა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები კარგა ხანს დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს. ყველაფერი მეათე გეიმში გაირკვა, რომელშიც ბასილაშვილმა მატჩში მე-17 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და მეშვიდე ბრეიკი შეასრულა, რისი წყალობითაც სამ საათსა და 19 წუთში მოიგო – 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კარიერაში პირველად გადალახა აშშ-ის ღიას პირველი რაუნდი. მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ჯეკ სოკი იქნება, რომელიც ტურნირზე მე-18 ნომრად არის განთესილი

იტვირთბა....