ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზალკალიანი: მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან დასტური იყო, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა და მას ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ გერმანია საქართველოს ურყევი მხარდამჭერია.

„საქართველოში გერმანიის კანცლერის ისტორიული ვიზიტი დასრულდა. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ გერმანია საქართველოს ურყევი მხარდამჭერია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის, რომ გერმანია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას მხარს უჭერს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი გზავნილი იყო, რომ გერმანია მხარს უჭერს რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება.

მისი თქმით, ხაზგასასმელია მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან, რადგან როგორც ის ამბობს, ეს იყო დასტური, რომ გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი.

“მან როგორც შეხვედრებზე, ისე სტუდენტებთან დისკუსიის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, რომ ის ამის შესახებ ყოველთვის, მუდმივად საუბრობს ორმხრივ ფორმატებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ დაუშვებელია ეს უსამართლობა გაგრძელდეს და აუცილებელია, ნაბიჯები გადაიდგას, რათა მოხდეს ტერიტორიების დეოკუპაცია და, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იყოს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თბილისიდან უკვე გაემგზავრა. ის დღეს საოკუპაციო ხაზთან მივიდა და ხაზს მიღმა არსებული ტერიტორიები სოფელ ოძისიდან ჭოგრიტით დაათვალიერა.

იტვირთბა....