საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით, პრინციპული სიახლე ამ ვიზიტს ვერ მოყვებოდა, ეს წინასწარ უნდა გვცოდნოდა.
“მერკელის ვიზიტმა ბევრი არაადექვატური მოლოდინი ამოატივტივა. ახლა გაიგეთ, რომ ნატოში ჩვენს მიღებას ამ ეტაპზე არ აპირებენ, ხოლო ევროკავშირში მიღების პერსპექტივას არც კი განიხილავენ? პირადად ჩემთვის ორივე სამწუხაროა, მაგრამ ამ მოცემულობაში ვართ დიდი ხანია. მერკელს რატომ უნდა ეთქვა რამე განსხვავებული.
ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთს „არ ვუნდივართ“ და მხარს არ გვიჭერენ: მათი მხარდაჭერის გარეშე საერთოდ არ ვიარსებებდით, როგორც სუვერენული სახელმწიფო. მეტი მხარდაჭერა გვინდა, მაგრამ იმას,რაც უკვე გვაქვს, გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დეტალები. თუნდაც ის, რომ გერმანიაში ქართველების ლეგალური დასაქმების პერსპექტივა განიხილება, მნიშვნელოვანი კარგია ამბავია. ისიც ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ საქართველოს და ბალკანეთს ერთ კონტექსტში ახსენებენ.
ზოგადად, რომ ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში ჩამოვიდა, თუნდაც ზოგადი განცხადებების დონეზე მხარდაჭერა აღგვიქვა, ბოლო-ბოლო ის სიტყვა “ოკუპაციაც” თქვა (თუმცა ბიძგი დასჭირდა), არის კარგი. პრინციპული სიახლე ამ ვიზიტს ვერ მოყვებოდა, ეს წინასწარ უნდა გვცოდნოდა.
განსაკუთრებით სულელურია ბრალდებები, რომ მერკელი რაღაცნაირად „პრორუსი“ პოლიტიკოსია. გერმანიის და ზოგადად ევროპის შიგნით მერკელი რუსეთის მიმართ შედარებით მკაცრი და პრინციპული პოლიტიკის მომხრეა. იმაში, რომ რუსეთის მიმართ სანქციები ძალაშია, მერკელის დიდი დამსახურებაა. ცხადია, ნორდსტრიმ 2-ის პროექტი ამ პრინციპულ პოლიტიკას აშკარად ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს გერმანიაა, მისი ყოფილი კანცლერი „გაზპრომში“ გადავიდა სამუშაოდ. თუ დასავლეთ ევროპაში ვინმეს იმედი უნდა გვქონდეს, ეს მერკელია. შევიგნოთ”. – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის 2-დღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.