ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთვის ომი არ დასრულებულა – ჩემმა შვილმა მსოფლიოს დაანახა რუსეთისა და პუტინის სახე”

არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ისაუბრეს საქმეზე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომ მისმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის სახე.

„სარჩელი ჩვენთვის სიმართლის დადგენას ნიშნავს. მოლოდინიც გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს ეს სარჩელი. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ის პირები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს და აწამეს ჩემი შვილი. აჩიკო სხვანაირად არ მოიქცეოდა. ისეთი პიროვნება იყო, რომ, რაც მათ უნდოდათ, იმას არ გააკეთებდა და არ აღიარებდა.

მან თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა მისი და ქვეყნის ღირსება. ეს დაამტკიცეს ექსპერტებმაც. ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაიარად არ შეიძლება – ყველაზე ძვირფასი, რაც იყო, ის დათმო, სამშობლოს გამო დათმო სიცოცხლე. მსოფლიოს დაანახა პუტინის და რუსეთის სახე. 10 წელია, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ომი ვითომ დამთავრდა, მაგრამ ჩვენთვის ომი არ დასრულება. იმედი მაქვს, ახლა მაინც მოეღება ბოლო ოსების თავხედობას“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

ცენტრი „ემპათია“ ევროსასამართლოში გზავნის საჩივარს „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელშიც მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილია. დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ემპათიას ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა.

როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გაიგზავნება ევროკონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისთვის.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.

„საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იტვირთბა....