ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში კიდევ ერთხელ დაიბარეს

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა დაბარებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.

„ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა დაკითხვაზე ვარ ერთ კითხვას მისვამენ 30-ჯერ. იმ მოდულში შესვლა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას, იმიტომ რომ მე ვიცი იქ ვინ სხედან. იქ სხედან ჩემი შვილის მკვლელები“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ში უკვე მესამედ დაიბარეს. მაჩალიკაშვილის ადვოკატების განცხადებით, 16 აგვისტოს შვილმოკლული მამა სუს-ში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზე იყო დაბარებული.  მათივე თქმით, გამოძიების კითხვები კონკრეტულ პირებთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კომუნიკაციასა და ურთიერთობებს ეხებოდა.

მაჩალიკაშვილი სუს–ში გამოკითხვაზე 15 აგვისტოსაც იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაახლოებით 5-საათიანი გამოკითხვა მის მიერ 31 მაისს გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ სუს–ში რამდენიმე ადამიანთან ერთად თავის აფეთქებას გეგმავდა, თუმცა იმ მოტივით, რომ რიგითი მოქალაქეები არ დაშავებულიყვნენ, ეს გადაიფიქრა.

იტვირთბა....