დღეიდან, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით აღნიშნული სერვისის ამოქმედება იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხერხდა.
„მადლობა მინდა გადავუხადო თეა წულუკიანს თანადგომისა და თანამშრომლობისთვის. გარდა იმისა, რომ ზოგადად გავამარტივეთ ეს პროცედურები და შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ლიცენზია, ასევე მომსახურების მიღება შესაძლებელია ათივე გამგეობაში და 21 აგვისტოდან ამას ემატება იუსტიციის სახლი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია.
„სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ, იაქტიურეთ“, – დასძინა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ელექტრონული პორტალის მონაცემებით, ამ დროისთვის 350 ნებართვაა გაცემული.
თბილისში ტაქსების რეგისტრაცია პირველი აგვისტოდან დაიწყო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს რვა დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე ათივე რაიონის გამგეობებში და დღეიდან უკვე იუსტიციის სახლში.
ნებართვის მიღება შესაძლებელია როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მიღებული ნებართვა მოქმედი იქნება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე.
ტაქსის ლიცენზიის ასაღებად აუცილებელია ელექტრონული პირადობის მოწმობა.