ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვას საქართველოს ოკუპაციის საკითხი
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპაციის საკითხი გამქრალია მაღალი დონის შეხვედრებიდან.
“როდესაც ანგელა მერკელი პუტინს შეხვდა, უნდა ვკითხოთ, იყო თუ არა ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, საერთოდ რა რეაგირება აქვს საქართველოს მთავრობას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა – სამარცხვინო ფაქტი, როცა პუტინთან ვალსი იცეკვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა და ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უღირსი საქციელი ევროპული მაღალჩინოსნისა. პუტინი როცა ამ დონეზე მიღებულია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ თუ სამეფო კარზე, ადამიანი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის და უკრაინის ოკუპაცია, ეს არის სამარცხვინო ფაქტი. პუტინი სისხლში გასვრილი ხელებით ცეკვავდა ვალსს და ეს სამარცხვინო ვიდეო მსოფლიომ ნახა. ამაზეც უნდა ჰქონდეს რეაგირება საქართველოს მთავრობას და არ უნდა იყოს სირაქლემას პოზაში. პუტინთან ურთიერთობა და მითუმეტეს, საქორწილო სუფრაზე მისი მიღება, არის სამარცხვინო და ეს უნდა თქვას ყველამ, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ საქართველოს მთავრობის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა”,- განაცხადა გოცირიძემ.