პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ავლაბრის სასახლეში განაცხადა, სადაც ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
“დღეს შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შტოს – სასამართლოს საკითხზე სასაუბროდ, რომელიც როგორც ქართული საზოგადოების მხრიდან, ასევე ჩვენი პარტიორების მხრიდან არაერთხელ გამხდარა რეკომენდაციების მოთხოვნის ობიექტი. განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს პრობლემა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. გადადგომა არ არის პრობლემა, მაგრამ ფონი როგორც ეს მოხდა, ფონი, რომელიც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ის არის ზეწოლის მსხვერპლი, ჩვენ ამ ფაქტის მიმართ გულგრილად ვერ დაგვტოვებს. დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ მოვახდინოთ სასამართლოს განვითარება და ბუნებრივია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამაში უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება.
“მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, რომ განახორციელოს რეფორმა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, მომავალ თავმჯდომარეს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.
“ასევე, მინდა გამოვრიცხო მისი პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია. მინდა სრული ჩართულობით მოხდეს კანდიდატურის შერჩევა. ასეთი ადამიანის გასვლის შემთხვევაში მას ექნება მაღალი ლეგიტიმაცია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღს გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.