ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. “კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, რომელიც ამჯერად რუსეთში იხდის სასჯელს. სანამ ის გათავისუფლდება რუსული მხარე, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ონიანი არ არის სასურველი პირი რუსეთისთვის, რომელიც დარჩებოდა და გააგრძელებდა ცხოვრებას ქვეყანაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ განკარგულებას ხელი, ონიანის “ქვეყანაში ყოფნის არასასურველობაზე”, თავად შს მინისტრმა კოლოკოლცევმა მოაწერა, რომელიც, როგორც ირკვევა სპეციალურად დაბრუნდა შვებულებიდან. მინისტრის ქვეშევრდომები სპეციალურად შეხვდნენ ონიანს და მოლაპარაკებები გამართეს.
ტარიელ ონიანი დღეს, ყველაზე საშიშ და მკაცრ კოლონიაში (სახელად “შავი დელფინი”) იხდის სასჯელს, სადაც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეები სხედან. როგორც რუსული წყარო იტყობინება, სამართალდამცველები მცირე შოკში იყვნენ მასთან შეხვედრის შემდეგ. ისინი აცხადებენ, რომ ქართველ კრიმინალზე არანაირი “ფსიქოკორექცია” არ ჭრის. ქართველი კრიმინალი საკმაოდ მშვიდად შეხვდა რუსული მხარის ინიციატივას და უფრო მეტიც, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია სპეციალურად მოწყობილი ვიდეოგადაღებისთვის. ამასთან მან სრულიად მშვიდად მოაწერა ხელი უწყებას, რომელიც სპეციალურად მიიღო და თან დაიტოვა აპელაციის უფლება.
“კრიმინალური მარშალი” – ასე უწოდებენ მას რუსეთში თავად შს სამინისტროს წარმომადგენლები. როგორც რუსული პრესა წერს, მას გარეთ სრულიად ქურდული სამყარო გულაჩუყებული უცდის. როგორც წყარო წერს, თავის დროზე, ტარიელ ონიანს თავად ქურდული სამყაროს ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა “ძედ ჰასანის” და “იაპონჩიკას” გამოუტანეს განაჩენი და მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ სპეციალური ინფორმაცია რუსულ ტელეკომპანიასაც კი გაუვრცელებია. თუმცა, რუსული პრესა ტარიელ ონიანის მხრიდანაც შურისძიებას არ გამორიცხავს, რადგან სასწორზე მისი “კრიმინალური ავტორიტეტი” დევს.
რუსული მხარე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ტარიელ ონიანს გათავისუფლების შემდეგ სერიოზული შეხვედრები და გარჩევები ელის როგორც ქართველ, ასევე რუს კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
“თუ გავითვალისწინებთ ტარიელ ონიანის ფიგურას, ის არავისთვის არ იქნება იოლი საკბილო მისი გარეთ გასვლის შემდეგ, ხოლო თუ მოსალოდნელ შედეგებს ვიწინასწარმეტყველებთ, არ იქნებოდა სასურველი მსგავსი დაპირისპირებები რუსეთის ტერიტორიაზე მოხდეს” – წერს რუსული პრესა.