ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი: “პარლამენტი – თბილისში, პრეზიდენტი – ათონელის ქუჩაზე, საქართველოს რესპუბლიკის სასახლე – ავლაბარში”

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შევა ავლაბრის რეზიდენციაში, მთავრობას და პარლამენტს კი დაითანხმებს უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებების განთავსების იმ სქემაზე, რომელსაც 2012 წელს მხარს უჭერდა.

კერძოდ: პარლამენტი – თბილისში, პრეზიდენტი – ათონელის ქუჩაზე, საქართველოს რესპუბლიკის სასახლე – ავლაბარში. მისი თქმით,  საქართველოს რესპუბლიკის სასახლე გახდება ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი სიმბოლო.

“იგი პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშვნის პერიოდში გაიხსნება და ერთგვარად ერთ სივრცეში მოაქცევს პირველ (1918-1921) და მეორე რესპუბლიკებს (1991-დან დღემდე). ეს სასახლე არ იქნება რომელიმე თანამდებობის პირის რეზიდენცია. მასში გაიმართება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებები და ცერემონიები, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უმაღლესი რანგის სტუმრების მიღებები, ოფიციალური სადილები, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიები და სხვა.

სასახლე ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის და მასში განთავსდება სახელმწიფო ენის დარბაზი, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკის დარბაზი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი, პირველი და მეორე რესპუბლიკების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დარბაზი. ეს სასახლე იქნება ჩვენი საერთო სახელმწიფოს, მისი ავის და კარგის, ვისთვის საამაყოს და ვისთვის დასაგმობის, პირუთვნელი მემატიანეც და საიმედო ბურჯიც”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

იტვირთბა....