ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც კიდევ ერთხელ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების თემას. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გასცდა მისთვის კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებს.
“რატომ უნდა გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო
გთხოვთ, ეს პოსტი ყველას გაუზიაროთ!
ადამიანის კონსტიტუციურ უფლებად ვერ ჩაითვლება ვერც ერთი ნარკოტიკის მოხმარება, რადგან ნარკომანი ქმედუნარშეზღუდულია და ნარკოტიკის მოხმარებისას თავისუფალ ნებას კი არ ავლენს, არამედ მონურ მორჩილებას ნარკოტიკზე დამღუპველი დამოკიდებულების გამო. ალკოჰოლი და თამბაქოც საზიანოა, მაგრამ ასეთ მონურ დამოკიდებულებას არ იწვევს. სწორედ ამიტომ მათი მოხმარება შეზღუდულია და არა აკრძალული.
საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გასცდა მისთვის კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებს და კვლავ აპირებს ამის კეთებას.
ამიტომ მოგიწოდებთ შევაგროვოთ 200 000 ათასი მოქალაქის ხელმოწერა და კონსტიტუციის ცვლილებით გავაუქმოთ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც არსებობს, მაგალითად, ირანში და არ არსებობს: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ჰოლანდიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, დანიაში და მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში!
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდება, მათი წევრების განთავისუფლება კი შეუძლებელია, თუ სისტემის რეორგანიზაცია არ მოხდა, ანუ არ გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლო და საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ჩვეულებრივ სასამართლოებს არ გადაეცა, როგორც ეს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთშინ, კანადაში, ავსტრალიაში და ანგლო-ამერიკული სამართლის სხვა ქვეყნებშია. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო მართლმსაჯულება მოქალაქეთათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რადგან აღარავის მოუწევს ბათუმში წასვლა და თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს რაიონულ სასამართლოში იპოვიან სამართალს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს დიდ სასამართლო რეფორმას, რადგან ყველა დონის მოსამართლეების თავიდან გადამზადება და დანიშვნა უნდა მოხდეს კომპეტენციიის მნიშვნელოვან გაფართოებასთან დაკავშირებით. არ ვმალავ, რომ ჩემი მიზანი სწორედ ესაა. სააკაშვილის დანიშნული და პირადი ცხოვრების კომპრომატებით მართული მოსამართლეები უნდა გავათავისუფლოთ თანამდებობიდანაც და, შესაბამისად, წნეხისაგანაც. წავიდნენ და იმუშავონ იურისტებად, ნოტარიუსებად, ადვოკატებად. ბევრს ეს უნდა კიდეც, მაგრამ მფრინავი ჰოლანდიელის შიშით ვერ ბედავს განცხადების დაწერას. ასე რომ ბევრის მადლს მოვისხამთ და სასამართლო სისტემასაც გავწმენდთ გველის ჩადებული კვერცხებისგან, რომლებიც როდის გამოიჩიკებიან, არ ვიცით! სულ ახლახან ივნისში ვიხილეთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააკაშვილის დანიშნული მოსამართლის სასიგნალო ალამაქნეული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მოგვიანებით კი ამავე საქმეზე სასამართლოებმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომ ზაზა სარალიძეც კი მიხვდა, ჩემს წყობიდან გამოყვანას ხელოვნურად ცდილობენო!
ამას გარდა, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტი დიდი ცდუნებაა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომ ხალხისთვის მიუღებელი და საზიანო გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელსუფლებას გლობალურად კარგად ორგანიზებული ტოტალიტარული უმცირესობები ახვევენ თავს, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გააპარონ პარლამენტის გვერდის ავლით, სადაც, გაგიკვირდებათ და ეს ჩვენი ყველასგან გაკიცხული და მასხრად აგდებული უმრავლესობის დეპუტატები არ უჭერენ მხარს ასეთ ცვლილებებს!
ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მუდმივად დამიზნებული იარაღია, რომელიც თუ არ გავაგდებინეთ ხელიდან ჩვენს მტრებს, კიდევ გვესვრიან და მისი მეშვეობით არჩევნების შემდეგ დააკანონებენ, მაგალითად, ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რომელიც ბუკიკიომ გვიანდერძა და ამ ანდერძის აღმსრულებლად სახალხო დამცველი დაგვინიშნა!
ქართველი ერისთვის მომაკვდინებელი ამ საფრთხის ფონზე მე გაჩუმებას არ ვაპირებ, სამსახურის კი არა, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ეს”. – წერს დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.