საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე აღმოჩნდა სისტემა.
„ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს დაევალა დავიწყოთ მოკლე ვადებში შესამუშავებლად სხვადასხვა რეაბილიტაციის პროექტზე პარლამენტთან ერთად. საბჭოს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ჩვენ მზად ვართ, ახალი რეალობის კვალდაკვალ გადავხედოთ სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს და რეფორმებს, რათა მარიხუანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში დაექვემდებაროს კანონზე მორგებულ შეზღუდვებს. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს, რომ მოხმარება და ზიანი იყოს შემცირებული, ხელმისაწვდომობა და მიწოდება იყოს შემცირებული. ის, ვინც უკვე არის ამ სენით დაავადებული, მას ჰქონდეს განკურნების და რეაბილიტაციის საშუალება. ჩვენ მოკლე ვადებში სხვა სამინისტროებთან ერთად პრემიერ-მინისტრს, მისი დავალების შესაბამისად, წარვუდგენთ იდეებს, რომელიც თანხმობის შემთხვევაში შემდეგ, იქცევა პროექტად”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.