ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო სხდომა 28 სექტემბრამდე გადაიდო

არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო სხდომა 28 სექტემბრამდე გადაიდო. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სახელმწიფო ბრალდებამ საგამოძიებო ვადის გაგრძელება მოითხოვა.

დღეს წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც პროკურატურას მოპოვებული მტკიცებულებების ნუსხა უნდა წარედგინა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს გამოძიება თავდაპირველად არჩილ ტატუნაშვილისთვის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯგუფურად წამებაში დახმარებას ედავებოდა, თუმცა, მოგვიანებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება გაგრძელდა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლებს უკანონოდ აღკვეთისა და წამების ფაქტზე.

დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობების, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით.

დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლეს.

იტვირთბა....