ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტამბოლის ბაზრის დირექტორი: “ქუთათელაძეს და ჭანტურიას კონფლიქტი ნოემბერში ჰქონდათ”

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია მკვლელობის დღეს არ უნახავს. ამის შესახებ სტამბოლის ბაზრის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე საუბრობს. თუმცა მისივე თქმით, არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ ჭანტურიას გარდა ქუთათელაძის კაბინეტში სხვა არავინ შესულა.

„ამბობენ რომ ერთად შემოვიდნენ. ჭანტურია ბევრჯერ ყოფილა აქ, უბრალოდ იმ დღეს მე არ მინახავს, რადგან არ ვიყავი. ვინც აქ საუბრობდა, რომ ერთად შევიდნენ, ამბობს, რომ სხვა არავინ ყოფილა. მე იანვარში დავიკითხე და რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი. უამრავი მოწმე დაიკითხა, უამრავი ჩანაწერებია, უამრავი სამუშაო ჩატარდა. ალბათ გაამყარეს მტკიცებულებები”,-აცხადებს მამუკა ცხოვრებაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულს და მოკლულს კონფლიქტი ჯერ კიდევ ნოემბერში ჰქონდათ.

„როგორც ხდება ხოლმე, ორი უკმაყოფილო ადამიანი იყო, ჰქონდათ კონფლიქტი. ამ ბაზარში რამდენიმე საკუთრებაა. გიორგი ჭანტურია 2017 წლის 29 დეკემბრის შემდეგ არ მინახავს, უბრალოდ მქონდა ინფორმაცია, რომ მოდიოდა“,-აცხადებს ბაზრის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს, სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნილია და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – გიორგი ჭანტურია.

იტვირთბა....