საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, რომ 2008 წლის ომი იყო ვერაული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა.
„10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში, ეს იყო 90-იანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. 10 წლის წინ იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა. დღეს, როდესაც წარსულზე ვფიქრობთ, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის. არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა ის ადამიანი, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოვებს ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც, ასე მოხდება მომავალშიც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.