გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ განაცხადა, რომ პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. გეოგრაფიის გამოცდაში, სადაც ორი ვარიანტი დაიწერა, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა აბიტურიენტთა 16%-მა. რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ამ საგანში აბიტურიენტთა 80%-მა გადალახა ზღვარი. ინფორმაციას “ინტრპრესნიუსი” ავრცელებს.
მისივე განმარტებით, ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც აუცილებლად შეიცვლება.
„დღეს შედეგები გამოცხადდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და გეოგრაფიაში. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერა დაახლოებით 35 000-მა აბიტურიენტმა, გეოგრაფია დაწერა 12 000-მდე აბიტურიენტმა, ხოლო 20 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა მათემატიკის გამოცდა. ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ეს არის პირველადი შედეგი, შესაბამისად, რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ან ვერ გადალახა ზღვარი, ეს მონაცემები შეიცვლება აპელაციის შემდეგ. თუმცა, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქართულში დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. რაც შეეხება მათემატიკას, შარშანდელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო გაუადვილდათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, აქ 80%-მდე აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი. რაც შეეხება გეოგრაფიას, აქ, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 10 %-მა, ხოლო მეორე ვარიანტში – 16%-მა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება ეტაპობრივად გაგრძელდება. ორშაბათიდან კი ზოგიერთი არჩევითი საგნების შედეგები გამოცხადდება“, – განაცხადა ივა მინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე გამოქვეყნდა ასევე უცხო ენებისა და უნარ-ჩვევების გამოცდების შედეგები.