ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია და შოთაძე კომისიისგან მეტს ელოდნენ

დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოკითხა.

გამოკითხვის შემდეგ, გახარიამ და შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დღეს საგამოძიებო კომისიისგან მეტს ელოდნენ.

„მე უფრო მეტი მოლოდინი მქონდა და მეგონა, რომ უფრო მეტ კითხვას დამისვამდნენ საქმის შინაარსთან და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით,“ -ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დღეს კომისიისგან ცოტათი, უფრო მეტს მოველოდი, – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ კომისია ისეთ ხარვეზებს გამოავლენს, რომლებსაც პირდაპირი მიზეზშედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა ამ საქმეზე, შსს შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებს.

„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან არ მოვსულვართ. ჩვენ კომისიასთან მოვედით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს პროცესია. სასამართლოში გამოძიების ძირითადი ნაწილი გრძელდება, რომელიც მეორე ინსტანციაშია. გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ეს ერთი”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს მოკლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე 1 პირია დაკავებული, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს საქმე გადაუკვალიფიცირდა და ის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. აქედან გამომდინარე, უცნობია თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე.

სარალიძის მამა ითხოვს მიხეილ კალანდიას დაკავებას და ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება კალანდიას დანაშაულზე მიუთითებს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გამოძიება მფარველობდა და ახლაც მფარველობს კალანდიას. სწორედ სარალიძის მიერ დაწყებული აქციბის შემდეგ თანამდებობა დატოვა ირაკლი შოთაძემ.

იტვირთბა....