ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები გვენეტაძის მიერ უზენაესი სასამართლოს დატოვებას ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნინო გვენეტაძის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გვენეტაძის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება.

„სასამართლო სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის ფონზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო მას თანამდებობაზე პარლამენტი ნიშნავს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს.

შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, სწორად გაიაზრონ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დორულად უზრუნველყონ ისეთი კანდიდატის დასახელება და დანიშვნა, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებასა და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს მათ მოსაგვარებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

იტვირთბა....