ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კანკალებდა, მითხრა, ერთხელ დავარტყი დანაო”: ხორავას საქმის დეტალებზე გირაოთი გათავისუფლებული ყვება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება მისცა. მისი თქმით, 1 დეკემბერს დაახლოებით სახლში იყვნენ ის და თავისი ძმა როცა ტელეფონზე დარეკა დეიდაშვილმა ს.ს-მ და თქვა, რომ სკოლაში რაღაც უთანხმოება მოუვიდა უფროს კლასელებთან. მან მიხეილ კალანდიას თხოვა დახმარება.

“ვაპირებდი მისვლას. ჩემს ძმას ვუთხარი კიდეც, მოვალ და შეგარიგებთ მეთქი, შენ წადი გაკვეთილებზე თქო”. – ლუკა კალანდია ამბობს, რომ ძმამაც გამოთქვა შერიგების სურვილი და იგივე მოტივით უნდოდა იქ მისვლა.

“მახსოვს მამაჩემმა მითხრა, დაურეკე რას შვრება, მიდის გაკვეთილზე თუ არაო, დავურეკე და გამითიშა ტელეფონი 1-2 წუთში თვითონ დამირეკა და მითხრა, ჩხუბი მოგვივიდა და ჯანაშიამ ვიღაც დაჭრაო”. – ყვება ლუკა კალანდია.

“ქუჩის მხარეს პეკინზე ჩავედით მე და მამა, მივედი მეექვსე სკოლასთან. რომ მივედით გზაზე გამოვიდა ჩემი ძმა. მე გადავედი და ვუთხარი, ჩაჯექი მანქანაში და ვკითხე სად არის ჯ. მეთქი? მიმითითა, იქვე შეუხვევ თუ არა პეტრიაშვილზე, რაღაც არკა იყო კორპუსის ეზოში შესასვლელი, იქ იდგა ჯ. ციოდა, გაფითრებული იყო სახეზე და სველი იყო. თუმცა, ამ დროს მე არ შემიმჩნევია სისხლი, სისხლის ლაქები, ანუ დასვრილი იყო და სველი. რადგან კანკალებდა, თან ვიცნობდი, ჩემი ძმის მეგობარი იყო, ჩემი კურტკა გავიხადე და მოვახვიე. გამოვიყვანე არკიდან, ჩავსვი მანქანაში.

მანქანაში უკან ვისხედით ჩემი ძმა, ჯ. და მე, და მის გვერდით მამაჩემი. თუ არ ვცდები მამაჩემი მოუტრიალდა ჯანაშიას, ხელზე ჰქონდა სისხლივით თუ არ ვცდები, ზუსტად არ მახსოვს და მამაჩემა უთხრა ეს რა სისხლი არისო? რაზეც ჯ.-მ უპასუხა ჩემი არ არისო. ჩუმად ვკითხე, რა მოხდა? და მითხრა, რაღაც ჩხუბი მომივიდა ძლიერი ბიჭი იყო, ძალიან ჯანიანი, ქვევიდან მომაქცია და ერთხელ დავარტყი დანაო და იქვე დამივარდა დანაო”. – განაცხადა ლუკა კალანდიამ ახსნა-განმარტების მიცემის დროს.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე ლუკა კალანდიას ბრალი დანაშაულის დაფარვაზე აქვს წაყენებული, ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იტვირთბა....