გორის სათემო რადიო “მოზაიკას” დირექტორი განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ მიზეზებს განმარტავს, რაც მისი აზრით, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოების “საფუძველი” გახდა.
“ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების მიზანი არასოდეს არ არის და არც უნდა იყოს ხელისუფლებისთვის კომფორტის ზონის შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიკარგება ის მთავარი ღირებულება, რომელიც მათ საქმიანობას გააჩნია – ხელისუფლების მუშაობის მუდმივი მონიტორინგის, გადაცდომების ოპერატიული მხილების და გაპროტესტების გზით, ხელი შეუწყონ დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფას.
მგონია, რომ ეს არის ის მთავარი პრინციპი, რომლის ერთული ყველა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი უნდა იყოს. ჩემი ეს დამოკიდებულება მუდამ იგრძნობდა ჩემს საქმიანობაში, თუმცა ახლა ვხედავ, რომ შესაძლოა, ეს პოზიცია დასჯადი იყოს.
მეორე კვირაა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს ჩამაყენოს თავის მართლების რეჟიმში და მხოლოდ პოლიცილების ჩვენების საფუძველზე, სასამართლოს ჩემს დაჯარიმებას სთხოვს.
როგორც საქმის მასალებიდანაც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემს წინააღმდეგ საქმეს აწარმოებს სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული წარწერის „მკვლელი ქუჩაშია“ გამო. ისინი მედავებიან ასკ-ის 150 მუხლის დარღვევაში, თუმცა საკუთარ ჩვენებას მტკიცებულებებით ვერ ამყარებენ. ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თავად საქმის წარმოების პროცესი, რომელშიც კანონის დარღვევის და დამრღვევთა ვინაობის დადგენის მცდელობა სამართალდამცველების მხრიდან არ ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მედიის და სამოქალაქო აქტივისტების შევიწროების მცდელობები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სისტემატურად ხორციელდება, არასოდეს მიფიქრია, რომ მიდგომები დემოკრატიული ღირებულებებისადმი უნდა შემეცვალა. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა ამ საქმის წარმოებით, საკუთარი ძალის და გავლენების დემონსტრირებას ცდილობს ჩემი, როგორც მედიის ხელმძღვანელის და სამოქალაქო აქტივისტის დასაშინებლად, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მათი მიზნები არამარტო ჩემთვის არამედ საზოგადოებისთვისაც მიუღებელია და ამას მუდმივად ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
რადიო „მოზაიკას“ სარედაქციო პოლიტიკა დარჩება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი სიტყვისა და საზოგადოების ინტერესების დამცველი. როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს ობიექტური მასალების მომზადებას, რაც ჩვენი ინფორმაციით, ხშირად იწვევდა ხელისუფლების გაღიზიანებას. ჩვენთვის არაერთხელ გახდა ცნობილი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ინტერესდებიან ჩვენი დაფინანსების წყაროებით, პროექტის ხანგრძლივობით და შეძლებისდაგავარად, ადგილობრივ დონეზე, რადიო “მოზაიკას” დისკრედიტაციას ცდილობენ.
ამისთვის საკმაოდ აქტიურად იყენებენ იმ ნეგატიურ განწყობას, რომელიც ქალაქში ჩემი ანტისტალინური განწყობების გამო არსებობს. მოგეხსენაბათ, რომ მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფმა „მარო“ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ ამუშავების მიზნით, აქტიური მუშაობა დაიწყო, მუდმივად ისმოდა მისი გუფის წევრების და მათ შორის ჩემი მისამართით მუქარა და შეურაცხყოფა. ეს ამბავი თავად შსს-თვისაც ცნობილია, რადგან ამ ფაქტზე გამოძიება ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.
ყოველივე ეს მაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ორი მიმართულებით:
1. მოხდეს ჩემი, როგორც თავისუფალი მედიის ხელმძღვანელის დაშინება და ხელისუფლებისთვის უსიამოვნო ფაქტების გაშუქების შეწყვეტა;
2. მაიძულონ შევწყვიტო სამოქალაქო აქტიურობა, რომელიც მაღალჩინოსანთა ნაწილს დისკომფორტს უქმნის. ეს ამბავი არის გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვისთისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ახლოვდება არჩვენები და მისი დემოკრატიულად ჩატარება სწორედ ინფორმირებული და აქტიური საზოგადოების ჩართულობით არის შესაძლებელი.
მე ბოლომდე ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც როგორც მედიის ხელმძღვანელს ისე სამოქალაქო აქტივისტს, საზოგადოების წინაშე გამაჩნია და მის უგულებელყოფას არ ვაპირებ”.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების პარალელურად, ივნისის თვის დასაწყისში გორის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“. წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება – პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და 3 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე