სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის ჯანმრთელობის ძირითად მაჩვენებლებს აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზი 8700 ადამიანს დაუდგინეს, რაც 2016 წელთან შედარებით, 1400-ით შემცირებული მაჩვენებელია.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს 87 900-მდეა გაზრდილი ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობების გამოვლენის მაჩვენებელი, წინა წელს ეს დიაგნოზი 85 ათას ადამიანს დაუსვეს.
ნერვული სისტემის ავადმყოფობები 61100 მოქალაქეს დაუდგინდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 69200 იყო. 93 ათასიდან 126 ათასამდეა გაზრდილი თვალის დაავადებების მაჩვენებელი. რაც შეეხება სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევებს, 2017 წელს 185 ათასი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 191 ათასს შეადგენდა.
რაც შეეხება აივ ინფექცია შიდსის შემთხვევებს, შარშან აღნიშნული დიაგნოზი 6762 ადამიანს დაუსვეს, რაც 2016 წელთან შედარებით 631-ით მომატებული მაჩვენებელია. აივ ინფექციით შიდსით გასულ წელს 123 ადამიანი გარდაიცვალა, 2016-ში კი გარდაცვალების მაჩვენებელი 128 იყო.
საქსტატის ინფორმაციით, ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების, რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი) ავადმყოფობები.