ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“უმორჩილესად გთხოვთ ყველას, სასწრაფოდ გააზიაროთ ეს პოსტი, რადგან მეტის მოთმენა შეუძლებელია!
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ იკმარა და მისი ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო!
მივმართავ ყველა კონსერვატული, ტრადიციული თუ რელიგიური მიმართულების პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს:
გავერთიანდეთ და შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რათა:
1 – შეიცვალოს სასამართლო სისტემა, გატარდეს სასამართლო რეფორმა და გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო;
2 – დაემატოს ,,ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას” დათქმა, რომ ეს უფლება არ მოიცავს თვითგანადგურების, დეგრადირებისა და თვითდაზიანების უფლებას”. – წერს კობა დავითაშვილი.
შეგახსენებთ,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. მოსარჩელეთა თქმით, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე განმარტებით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
საქმის არსებითი განხილვა მაისში დასრულდა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდა.