დღეს 27 ივლისს მთვარის დაბნელებაა. NASA-ს ცნობით, ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება. ადამიანების ნაწილი მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43 წუთსაც შეძლებს. მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 00:21 სთ) დაიწყება.
მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა, ანუ ციური სხეულები გარკვეულ რიგში განლაგდებიან.
დღეს, საქართველოდან, 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივ მთვარის სრულ დაბნელებაზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი. დედამიწის ჩრდილში მოქცეული მთვარე წითელ შეფერილობას მიიღებს.
მთვარის სრული დაბნელება, რომელზე დაკვირვებასაც თბილისიდან შეძლებთ, 23:30 საათზე დაიწყება, პიკს კი 00:21-ზე მიაღწევს. მთვარის სრული დაბნელება 01:13 საათზე დასრულდება.
ამავე ღამეს თბილისის ციდან, მთვარის გარდა, მარსზე დაკვირვებაც იქნება შესაძლებელი, რომელიც დედამიწასთან 2003 წლის შემდეგ ყველაზე ახლო დიასტანციაზე იქნება და კაშკაშა წითელ ვარსკვლავს დაემსგავსება.
თბილისში, მთვარის დაბნელებაზე დასაკვირვებლად რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. ასტრომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით, მთვარეს თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიოტრიდან დააკვირდებიან. ფეისბუკ ღონისძიება დაანონსა “ფაბრიკამაც”, რომელიც ამ მოვლენის ჰოსტელის სახურავიდან ნახვას გთავაზობთ. თუმცა, თუ მთვარეზე დაკვირვებას მარტო ამჯობინებთ, astronet.ge გირჩევთ, ცის თაღის სამხრეთ ნაწილიკენ, ჰორიზონტამდე გაშლილი ადგილი შეარჩიოთ.
ცნობისთვის მთვარის შემდეგი სრული დაბნელება საქართველოდან 2025 წელს გამოჩნდება. მანამდე, 2019-ში კი, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ნაწილობრივი დაბნელების მომსწრენი გავხდებით.