ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუხთარლი: “ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობა”

აფგან მუხთარლის მიერ დაწერილ ჩვენებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს მთარობა მის გატაცებასთნ პირდაპირ კავშირშია. დაცვის მხარემ აფგან მუხთარლის ჩვენება საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა.

ჩვენებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დეტალურად იხსენებს 2017 წლის 29 მაისის მოვლენებს, როდესაც ის საკუთარ სახლთან გაუჩინარდა. აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მომხდარს საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, მას აზერბაიჯანის და საქართველოს უშიშროების თანამშრომლები მუდამ თვალს ადევნებდნენ.

როგორც აფგან მუხთარლი ამბობს, რომ „გატაცების დროს რამდენიმე ავტომობილი გამოიცვალეს“.

„მიკროავტობუსი გაჩერდა თბილისის ფუნიკულიორის წინ მდებარე ბაღის წინ. ბაღის უკანა ქუჩიდან გადავედი ნიაღვრის ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ. გზის მარჯვენა მხარეზე მდებარე ეზოს შესასვლელ კარებთან გაჩერდა „ოპელის“ მარკის ავტომობილი. უკნიდან ორი პირი თავს დამესხა. მძღოლიც მათ ეხმარებოდა და მცემდნენ. მათ ეცვათ კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა. ძალით ჩამსვეს მანქანაში, რის შემდეგაც ავტომანქანა ქვემოთ ჩავიდა და მარცხნივ შებრუნდა. მანქანაში მცემეს. უმეტესად თავის არეში, ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელი შემიკრეს პლასტიკური ხამუთით. მარჯვენა და მარცხენა ხელზე არსებული ხამუთები მესამე ხამუთით შეკრეს. ის პირები, რომლებმაც დამაკავეს, ტელეფონით საუბრობდნენ. შემდეგ თავი დამახრევინეს და სავარძლის უკანა მხარეს ჩამსვეს. მანქანა ამოძრავდა, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მივედით. თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ წავედით. შემდეგ გავიარეთ მეტროსადგურები „ავლაბარი“ და „300 არაგველი“, გავედით აეროპორტის გზატკეცილზე. აეროპორტისკენ თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ტომრის ნახვრეტიდან გზას ვხედავდი.

მანქანა საგარეჯოს მიმართულებით მოძრაობდა. მინდა აღვნიშნო რომ ლაგოდეხში მოგზაურობისას იგივე გზა რამდენჯერმე გავიარე. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მანქანა გზის მარცხენა მხარეს შებრუნდა. 500-600 მეტრის გავლის შემდეგ მანქანა გაჩერდა. ჩამომსვეს მანქანიდან და ტომარა მომხსნეს თავიდან. ვიმყოფებოდი იმ ადგილას, სადაც საგარეჯოს მიმართულებით ხეები, თბილისის მიმართულებით კი სათესი ფართები იყო. იმ ადგილას თვალები მაისურით დამიფარეს, მაისური სკოჩით, ერთ-ერთმა მათგანმა თვალების ქვეშ სველი ტალახი წამისვა. შემდეგ ისევ მანქანაში ჩამსვეს. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ სხვა მანქანაში გადამსვეს. მაგრამ ჩემს გვერდით მსხდომი პირები არ შეცვლილა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მანქანა გაჩერდა. ჩამომსვეს მანქანიდან და სხვა მანქანაში გადამსვეს.

მინდა აღვნიშნო რომ ის პირები, რომლებმაც საქართველოში გამიტაცეს ქართველები იყვნენ. ტელეფონით ქართულად საუბრობდნენ. უკანასკნელ მანქანაში არსებული პირები კი აზერბაიჯანულად საუბრობდნენ.

მცირე მანძილის გავლეს შემდეგ მანქანა გაჩერდა. ვიღაცამ მოითხოვა კარების გახსნა და მანქანაში ჩახედვა. იმ პირმა, რომელმაც წამიყვანა ასე თქვა – ალი, მოდი ნახე. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მანქანიდან ჩამომსვეს. ერთ შენობაში წამიყვანეს. როდესაც თვალები გამისხნეს ვიმყოფებოდი აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის საგუშაგოში. ერთ-ერთი მათგანი რომელმაც მომიყვანა იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევის თანაშემწე აზერ შირინოვი, მეორე კი ჯეიჰუნ გულამოვი“, – წერს აფგან მუხთარლი საკუთარ ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება.

იტვირთბა....