ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაისსა და ივნისში ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსი, ლევან ბაიდოშვილი განმარტავს, ზაფხულის სეზონზე ინფექციური წარმოშობის დიარეის რიცხვი იზრდება. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დიარეის რიცხვი შემცირდა, თუმცა არა მკვეთრად. კერძოდ, 2018 წლის მაისში დიარეის 1005 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 1083 შემთხვევის აღრიცხვა მოხდა. რაც შეეხება ივნისის თვეს, წელს 1179 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 1284.

„ზაფხულის პერიოდში შვებულებებისა და არდაგეგების, დასასვენებლად გასვლისა და მგზავრობების გამო, როგორც წესი, დიარეის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. როგორც ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, ყოველწლიურად სავარაუდო საკვებისმიერი ინფექციური წარმოშობის დიარეის დაახლოებით 18 000-მდე შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 8000 ან 9000 გაზაფხულ-ზაფხულის 4 თვის განმავლობაში აღინიშნება. ამ 8 000 შემთხვევაში დაახლოებით 60-65% 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რაც ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ამ პერიოდში ეზოში ძალიან ბევრს თამაშობენ და შესაბამისად, დაუბანელი ხელებითაც ხშირად მიირთმევენ გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულს. წელსაც იგივე ვითარებაა, იქნება, რაც შარშან იყო, რადგან საქართველოს კლიმატური გარემო და გეოგრაფიული მდებარეობა ამ დაავადებების სწორედ ზაფხულის განმავლობაში გავრცელებას განაპირობებს. განსაკუთრებით იზრდება დიარეის შემთხვევები საკურორტო ზონებში და ეს ძირითადად არის შავიზღვისპირა საკურორტო ზონა,“ – აღნიშნა ლევან ბადოშვილმა.

რაც შეეხება მწერების მიერ გადატანილი ინფექციების საკითხს, მიმდინარე სეზონზე ასეთი დაავადება არ დაფიქსირებულა.

„ზაფხულის პერიოდში აღინიშნება ისეთი მწერების გააქტიურება, რომელთაც ლეიშმანიოზი გადააქვთ, თუმცა დაავადებისთვის დამახასიათებელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდიდან გამომდინარე, ზაფხულში დაინფიცირებული და დაინვაზირებული პაციენტების გამოვლენას დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან – ოქტომბრის თვიდან ველოდებით. კოღოებისგან გადატანილი მალარია ან ფლებოტომუსებიდან გატანილი ლეიშმანიოზი ამ ეტაპზე, ზაფხულის პერიოდში ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში რამდენიმე, დაახლოებით 10-მდე პაციენტი გვიან შემოდგომით ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება, იმიტომ რომ წლების დინამიკა დაახლოებით ასე გვიჩვენებს“, – აღნიშნა მან.

ლევან ბაიდოშვილმა ასევე განმარტა, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველოში მალარიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....