ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპარლამენტო კომისია სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას არ დაუკითხავს

26-28 ივლისს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოზარდების მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკითხავს, – ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ განაცხადა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომლისგანაც პროკურატურას ჩვენება არ მიუღია, საქმეში ფიგურანტების მეგობარი და უშუალო თვითმხილველია.

აბესაძის თქმით, მოწმეები მხოლოდ 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არ იქნებიან.

გუშინდელ, მეცამეტე სხდომაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენა გაგრძელდა. კომისიამ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის, ქალაქ თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძისა და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის კონსტანტინე სირაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინა.

მოგვიანებით კი, კომისიის წევრებმა დახურულ რეჟიმში ორი არასრულწლოვნის ახსნა-განმარტება მოისმინეს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიიწვევენ.

იტვირთბა....