ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მირზა სუბელიანთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
“ვეკითხები, რა მოხდა მეთქი. მითხრა, 51-ე სკოლასთან რომ მოხდა ფაქტი, ეს მოხდა ჩემი შვილის ჩაგვრის გამო, რომელმაც დაურეკა დეიდაშვილს და მოაყვანინა მეგორები, შემდეგ წავიდნენ ხორავას ქუჩაზე, სადაც მოხდა ჩხუბი. სუბელიანმა მითხრა, დაბნეული ვარ, მირჩიე რა გავაკეთოო. მე შევუტრიალე კითხვა და ვეუბნები? შენი შვილი არის თუ არა მკვლელობაში გარეული და თუ იცოდა ვის ეჭირა დანა… მან მიპასუხა, რომ მკვლელი შვილი არ გაუზრდია, ხოლო დანა ვის ეჭირა, არ იცის. მე ვუთხარი, მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი და კლასელი, ახლავე ჩაისვი ბავშვი მანქანაში, მიიყვანე პოლიციაში და მიეცი სრული ჩვენება-მეთქი. მას ხმა არ ამოუღია, შეტრიალდა და გავიდა ოთახიდან. ვიღებ ყურმილს და ამის შესახებ 16:45 წუთზე ვაყენებ საქმის კურსში მთავარ პროკურორს და ვუყვები ჩვენი საუბრის შინაარს. ასევე, ვუკავშირდები კურატორ მოადგილეს, ბატონ გაბიტაშვილს და მასაც ვეუბნები მირზას ვიზიტის შესახებ, ვეუბნები, რომ პოლიციაში გავაგზავნე. მაგ დროისთვის პოლიციას არც ვერსიები ჰქონდა დალაგებული და არც პირები იცოდნენ, ვინ ჩხუბობდა. რადგან მირზას შვილი ფლობდა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, დავურეკე გიორგი გაბოძეს და დავავალე, რომ გაეკონტროლებინა, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მიეცა გამოძიებისათის. დავურეკე შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილეს, მას ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ვუთხარი, რომ გაეკონტროლებინა მისი დაკითხვა, რათა ამოგვეღო სრული ინფორმაცია. მე ამის შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია“, – განაცხადა შაყულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს და მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი გაბოძეს უსმენდნენ.