ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დოლიძე: “სულ მცირე სამ სფეროში ძალიან სერიოზულ რეფორმას ველოდებით”

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის რეფორმირების საკითხზე გასამართი დისკუსიის დაწყებამდე განუცხადა, რომ სულ მცირე სამ სფეროში სერიოზული რეფორმებია მოსალოდნელი – უსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა და უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შეფასებების სისტემა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ოქტომბერში, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ჩვენ ხელთ უნდა გვქონდეს სამივე ეს ინსტიტუტი, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მეტ-ნაკლებად მზად დახვდეს ახალ წყობას, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია მოიტანს.

“იმედი გვქვს, რომ ეს ფორმატი და პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს კონკრეტულ სიახლეებს ამ სამ სიახლესთან დაკავშირებით”,- განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღამ, აუცილებელია, დეტალურად დაარეგულიროს უზენაესი სასამართლოს წევრების ანუ მოსამართლეების ნომინირების საკითხი და კანონმა გაწეროს, თუ რა პროცედურა იქნება ნომინირებისთვის, ასევე, რის საფუძველზე შეიძლება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს კანდიდატი ნამდვილად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ პოზიციას.

“ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს ძირითად საკითხზე, რომელიც გახლავთ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი. აქ ზუსტდება ის საფუძვლები, რომლისთვისაც შეიძლება მოსამართლეს დაეკისროს დისციპლინური სახდელი, ანუ რომელი დარღვევა შეიძლება იქნას მიჩნეული გადაცდომად და დისციპლინური სასჯელი შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, დღეს წარმოდგენილია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის ფიქსირებული ხელფასის განსაზღვრას კანონის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით, ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს და თავისი შეხედულებისამებრ იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას;

თუმცა კანონით ამის განსაზღვრა იქნება ძალიან დადებითი. რაც შეეხება თუ რა უნდა გაითვალისწინოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღამ, აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ დეტალურად დარეგულირდეს უზენაესი სასამართლოს წევრების ანუ მოსამართლეების ნომინირების საკითხი. როგორც იცით, ახალი კონსტიტუციით ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა, ამიტომ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, კანონმა გაწეროს, თუ რა პროცედურა იქნება ნომინირებისთვის და რის საფუძველზე შეეძლება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს კანდიდატი ნამდვილად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ პოზიციას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზეც უნდა დაიწყოს მსჯელობა. თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით მიდის მუშაობა”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იტვირთბა....