ინტერვიუ მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, რუსუდან მირზიკაშვილთან
ბოლო წლებია, საზოგადოებას ხშირად ესმის მსჯელობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ. რა არის რეალურად თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და რა მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის ამ დოკუმენტის არსებობას, რომელიც 2014 წლიდან მუშავდებოდა. “მეტრონომმა” გადაწყვიტა, მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირების მიზნით, მიაწოდოს მას ინფორმაცია იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელზეც „სითი ინსტიტუტმა“ იმუშავა და მერიამ რამდენჯერმე დაიწუნა. მოგეხსენებათ, საბოლოოდ მასზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დასრულდა და განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნა.
რა შენიშვნები ჰქონდა მერიას გენგეგმის ავტორებთან, რომლის გამოც დოკუმენტის ჩაბარების ვადები რამდენჯერმე გადაიწია, რაზე შეთანხმდნენ მერია და „სითი ინსტიტუტი“ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი თბილისი იყოს მაქსიმალურად მწვანე, კომპაქტური და შეკავშირებული. აღნიშნულ თემებზე „მეტრონომს“ მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა რუსუდან მირზიკაშვილმა ესაუბრა, რომელმაც სხვა სამსახურებთან ერთად, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავა, რომ თბილისს სრულყოფილი გენერალური გეგმა ჰქონოდა.
რა არის გენგეგმა?
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.
„ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად, რისთვისაც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისათვის და 24-საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
მისი განმარტებით, დოკუმენტის უმთავრესი ხაზი – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფციაა, რომელიც თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, სრულად იქნა გაზიარებული.
კალაძის განცხადებით, მერიას „სითი ინსტიტუტთან“ არაერთი შენიშვნა ჰქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე. თუმცა მერმა განმარტა, რომ ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით – “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.
„მეტრონომი“ თბილისისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე და მის მნიშვნელობაზე მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს, რუსუდან მირზიკაშვილს ესაუბრა, რომელმაც განმარტა მერიის მხრიდან გენგეგმის ჯგუფის მიმართ რა ამოცანები იყო დასმული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
როგორც მირზიკაშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, ბოლო სამი თვის განმავლობაში მერიამ ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავა, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად აღმოფხვრილიყო ის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა ზოგადად, გენგეგმის დოკუმენტში.
პირველ რიგში, მირზიკაშვილი საუბრობს ზონირების ხარვეზების აღმოფხვრაზე.
ქალაქთმშენებლობითი ზონირება – ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების დროს მოქმედი ნორმატივებითა და უფლებრივი ზონირების წესებით განსაზღვრული მახასიათებლებით დასახლების ტერიტორიების იდენტიფიცირება.
„ეს იყო რამოდენიმე მიმართულება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იყო ზონირების ხარვეზების აღმოფხვრა, მაქსიმალურად სამსახურის მიერაც და ასევე შემოსული წერილების საფუძველზე, რომელიც დაგროვილი იყო, ეს არის ბოლო პერიოდში მოქალაქეების მხრიდან შემოსული განცხადებები. მოხდა ამ ყველა შემთხვევის განხილვა სამუშაო ჯგუფთან ერთად და დაკორექტირება შესაბამის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, დათვლილი იყო ბალანსებიც, რომელიც შეეხებოდა თუ რამდენი ტერიტორია გადავიდა ერთი ზონიდან მეორეში ან რამდენი ტერიტორია, კვადრატული მეტრი ან ჰექტარი გადავიდა არასამშენებლო რეჟიმში ან პირიქით, რამაც გამოკვეთა პრაქტიკულად ის სურათი თუ რა მექანიზმები უნდა ჰქონდეს ქალაქის ხელმძღვანელობას უკვე ამ მესაკუთრეებთან საურთიერთობოდ სამომავლოდ. გენგეგმის ჯგუფმა ამასთან დაკავშირებით მოამზადა კონკრეტული რეკომენდაციები“- აღნიშნა მირზიკაშვილმა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მისი თქით, სამოქმედო გეგმების განახლება იყო, რომელიც გენგეგმას თან ახლავს და მისი განხოციელებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
„მერიის ყველა სამსახურმა იმუშავა გენგეგმის ჯგუფთან ერთად, რომ ის ძირითადი ჩონჩხი ქმედებებისა, რაც მანამდე ჰქონდათ წარმოდგენილი მოსულიყო შესაბამისობაში რეალურ მიზნებთან, ამოცანებთან, გრძელვადიან სტრატეგიებთან, რომლებიც სამსახურებს გააჩნიათ. მათ შორის, ჩვენი სამსახურის სამოქმედო გეგმასთანაც და ეს აისახა უკვე იმ რეალურ ვადებთან მიმართებაში, რომელიც გააჩნია მუნიციპალიტეტს. ბუნებრივია, შეივსო იმ გამოწვევებით, რომელიც გენგეგმის ძირითადი კონცეფციიდან გამომდინარეობს“- განმარტა მირზიკაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც ურბანული სამსახურის უფროსი ამბობს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება თემატური რუკების დაზუსტება და კორექტირება იყო.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ყველა იმ მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქში საინჟინრო ქსელების მიწოდებას და მათ ფუნქციონირებას. იქნებოდა ეს წყალგაყვანილობის ქსელები, მათ შორის ინტერნეტიც, რომელიც მანამდე აკლდა. ასევე, ქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სერვისს წარმოადგენს სანიაღვრე ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს ყველაფერი ხელახლა იქნა გამოთხოვილი, გადამუშავდა, ინტეგრირდა უკვე გენგეგმაში. ისევე როგორც, თემატური რუკები, როგორიც არის გამწვანების თემატური რუკა. გახსოვთ ალბათ, რომ ერთ-ერთი ძირითადი შენიშვნა, რაც ფიქსირდებოდა მერიის მხრიდან იყო, რომ შიდაკვარტალური გამწვანებული სივრცეები იყო გამქრალი, ამოღებული ან ზოგად ზონირებაში გადასული და ეს სიზუსტე, რომელიც ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო ჩვენს გენგეგმაში სწორედ ამ თემატურ რუკაზე დაფიქსირდა. გარდა იმ ძირითადი მასივისა, ეს იქნეობდა სატყეო ზონა თუ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, რომელიც მოინიშნა. ყველა ის გამწვანებული სივრცე, სარეკრეაციო არეალი, რომელიც მერიის მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებოდა, აისახა გენერალური გეგმის ამ თემატურ რუკაში და დღევანდლეი მდგომაროებით, მაქსიმალურად, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად ინტეგრირდა ყველა ეს სივრცე“ – აღნიშნა ურბანულო სამსახურის უფროსმა რუსუდან მირზიკაშვილმა.
მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი რუკა, რომელიც ასევე გამოთხოვილია.
„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან გქვონდა ძალიან აქტიური კონსულტაციები და აისახა უკვე როგორც ძირითადი საყრდენი რუკის შემავსებელი. მომზადდა თავად აქტი, საკრებულოს დადგენილების დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი იმ დებულებებისა, რომელიც გამომდინარეობს“ – განაცხადა მირზიკაშვილმა.
მან საკრებულოს აქტზე ისაუბრა, რომელზეც ოპოზიციამ განაცხადა, რომ 1200-გვერდიდან 80 გვერდამდე შემცირდა. მირზიკაშვილი ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და განმარტავს, რომ საკრებულოს აქტი ვერ იქნება 1200 გვერდი, ყველა ძირითადი მოცემულობა კი, რომელიც გენგეგმის სტრატეგიას განსაზღვრავს, წარმოდგენილია დოკუმენტში.
„იმ კვლევას რომ გადახედავთ, მაგალითად, ერთი 150 გვერდი არის გენდერულ ბალანსზე ინფორმაციის სტატისტიკა, მონაცემები უბნების მიხედვით, რომელიც არ ვიცი, რატომ უნდა იყოს პირდაპირ ინტეგრირებული რომელიმე დადგენილებაში, იმიტომ, რომ ამისი პირდაპირი ურთიერთკავშირი და საჭიროება არ არის, რომ ეს საკანონმდებლო დოკუმენტში აისახოს. დოკუმენტში უნდა აისახოს ძირითადი მოცემულობები, რომლებიც განსაზღვრავს გენგეგმის სტრატეგიას. როდესაც საუბარია კომპაქტურობაზე, მედეგობაზე და ა.შ. ძირითადი განსაზღვრებები, განმარტებები და დაშვებები, რეგულაციები, რომლებიც ეხება სხვადასხვა ტერიტორიებს, – ეს არის მისი ძირითადი რეკომენდაციების გაერთიანებული ვერსია“- განაცხადა მირზიკაშვილმა.
ურბანული სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, – ჩარჩო გეგმების განახლების არეალზე, რომლის განახლებული კონტურები მისი თქმით, ჯგუფთან ერთად დამუშავდა.
ჩარჩო გეგმა – ფუნქციურად ან/და გეგმარებითად ქალაქთმშენებლობითი ერთეულისფუნქციონირებისა და განვითარებისათვის დამუშავებული მბოჭავი გეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიის ძირითად გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, ადგენს ტრანსპორტის, მომსახურების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ქალაქმშენებლობით პირობებს.
„ასევე, დამუშავდა შესაბამისი რეჟიმი, შეთავაზება, თუ როგორ შეიძლება ამ არეალებზე წარიმართოს განვითარება მანამ, სანამ ჩარჩო გეგმები და მერე უკვე დეტალური ბუნებრივი გეგმები დამუშავდება და არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ გენგეგმა შეივსო უკვე დამტკიცებული განაშენიანების გეგმების შესახებ, რაც არ იყო ასახული. გამოიყო ის ნუსხა, სარევიზიო განაშენიენების გეგმის, რომელიც დამტკიცებულია, მაგრამ საჭიროებს მნიშვნელოვან რევიზიას და ასევე იმ განაშენიანების რეგულირების შესახებ, რომელიც სამუშაო ჯგუფის აზრით, უნდა გაბათილდეს“- განმარტა რუსუდან მირზიკაშვილმა.
თბილისის გენგეგმის „შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა“-ში წერია, რომ ჩარჩო გეგმის მიხედვით, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდ. მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას.
„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოისაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად“- წერია დოკუჯმენტში.
ამ საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა:
„გვექნება შეხვედრა მეპატრონეებთან, თუ მოხდება ბაზრობის გადატანა. რა თქმა უნდა, უნდა იყოს, მათი თანხმობა ამაში, რადგან ეს არის მათი კერძო საკუთრება. ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ ახალი ტერიტორია. მეორე ალტერნატივა ის არის, რომ იმ სიმახინჯეების მაგივრად აშენდეს ახალი, თანამედროვე, ყველანაირ სტანდარტს როგორც შესაბამება ისეთი მულტიფუნქციური ცენტრი.“- განაცხადა კალაძემ.
როგორც „მეტრონომს“ რუსუდან მირზიკაშვილმა უთხრა, ამ ეტაპზე, ელიავას ბაზრობა რეკრეაციაში არ არის მონიშნული.
„ეს არის საქმიანი ზონა. იყო მსჯელობები და შეთავაზებები, ხედვები ჰქონდათ აქტიურად, არქიტექტორებს რომ ეს ყოფილიყო სარეკრეაციო ტერიტორიად გადაქცეული, მაგრამ ბუნებრივია, რომ აქ არის ძალიან დიდი კერძო ინტერესიც და ასეთი კონკრეტული გადაწყვეტების საბოლოო ჩამოყალიბება ბუნებრივია შეუძლებელია მათთან კონსულტაციისა და კონკრეტული შეთანხმების მიღწევის გარეშე.“ – აღნიშნა მირზიკაშვილმა.
მისი თქმით, გენერალური გეგმის დოკუმენტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის წარმოადგენს პირველი რანგის სახელმძღვანელო ინსტრუმენტს ტერიტორიების განვითარებასთან მიმართებაში.
„ის განსაზღვრავს იმ პარამეტრებს, რომლითაც ვითარდება ესა თუ ის ტერიტორია, ესა თუ ის უბანი და ამ გენგეგმის თანმდევი და შემადგენელი ნაწილია ზუსტად ის რეგულირების წესები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ სამუშაო ჯგუფთან ერთად და რომელიც აზუსტებს ყველა იმ ნიუანსს, რომელიც ამა თუ იმ ტერიტორიასთან მიმართებაში, ზონასთან მიმართებაში, დაშვებები, საგამონაკლისო სახეობები, კოეფიციენტები და ა.შ. ეს ყველაფერი გენგეგმისა და ამ განაშენიანების რეგულირების წესების ერთობლიობით ხდება. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ამ დოკუმენტის არსებობა, როგორც ასეთი და რაც მთავარია, მისი გამართულობა, რომ შინაარსობრივად ეს იყოს ძალიან ზუსტი. ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებული და მეთოდოლოგიურად სწორად შესრულებული დოკუმენტი”- განუცხადა მირზიკაშვილმა “მეტრონომს”.