ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა დ.ღ.-მ არამხოლოდ გამოძიების მსვლელობისას, არამედ სასამართლოზეც იცრუა.
სარალიძის თქმით, დ.ღ. არ ყვება მხოლოდ ფარდულში მომხდარის შესახებ. მოკლულის მამა ასევე აცხადებს, რომ დაკავებულთან შეხვედრის ჩანაწერი აქვს გაკეთეელაბული სადაც ის ყველაფერს იხსენებს.
„რაც შეეხება დაკავებულს, მან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებას. ერთ ფაქტს მოვიყვან, როდესაც სასამართლოზე ჰკითხეს შემხვდა თუ არა ინცინდენტის შემდეგ უარყო, მაშინ როდესაც მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვენ ყველა ბავშვს შევხვდით და ვესაუბრეთ, რისი ჩანაწერიც მაქვს.
დაკავებული საპირფარეშოს ინციდენტიდან, ფარდულის ინციდენტამდე ყველაფერს ყვება, თუმცა რა მოხდა უშუალოდ ფარდულში, ანუ დაჭრის ფაქტზე არ საუბრობს. მაგრამ მან ყველაფერი კარგად იცის, რადგან ეპიცენტრში იყო და იცის რა მოხდა ფარდულში. ასევე საგამოძიებო დაადგენს, მიიღო თუ არა მეორე არასრულწლოვანის დაჭრაში მონაწილეობა. თუმცა მისი მონაწილეობა კარგად ჩანს საქმის მასალებშიც, ასევე პროკურორმაც დაადასტურა რაღაც დეტალები საუბრისას“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძე ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილე თითქმის ყველა პირი, ასევე თვითმხილველების დიდი ნაწილია დასაკავებელი, რადგან მათ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით შსს-მ გუშინ არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.