ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვაზე: “ამ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ”

პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარტიიდან გარიცხვაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

„რა აზრიც მქონდა, კიდევ უფრო მიმყარებს ამ აზრს ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ.

მე ვთქვი, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება შეურაცხმყოფელია.თურმე ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია ერთ კაცზე მორგებული, როგორც მან განაცხადა. ნამდვილად არ ყოფილა ასე. ჩვენი დადანაშაულება, რომ კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, მიმაჩნია არასწორი. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება.

ასევე მეორე განცხადება იყო მის მიერ გაკეთებული, რომ მას თმენის ვალდებულება გააჩნია, ამიტომ ტყუილს არ იტყვის და რომ მე ვთქვი ტყუილი. იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ზოგადად ჩვენ გაგვაჩნია დეპუტატებს, რომ ასეთი პარლამენტის თავმჯდომარეა, ვითმენთ იმ საქციელს, რასაც ბოლო დღეებში ვუყურებ, როგორი ანგარიშწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან. პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მისი მოყვანილია ეს ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ და ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მისი მისამართით, ვფიქრობ შეურაცხმყოფელია.

მე მგონია, რომ კობახიძე არ არის შინაგანად თავისუფალი. 27 წელი რომ იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, მაინც არ იქნება თავისუფალი. ჩემი პარტიიდან გარიცხვის დოკუმენტს სულ 5-მა ადამიანმა მოაწერა ხელი“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....