საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ყოფილი წევრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას მინისტრებთან კითხვები აქვს.
“როგორც ჩანს, სამართალდამცავ ორგანოებს გარკვეული კითხვები აქვთ, რაც მათი პრეროგატივაა. ჩვენ, პარლამენტი მათ კომპეტენციაში ვერ ჩავერევით. თუ არის კითხვები, ეს კითხვები დაისმება და მათ პასუხი გაეცემა. საზოგადოებას ამ ყველაფერზე სრული ინფორმაცია ექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.