ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე: “არსებობს კვირიკაშვილის „შავი სია“ და მიდის კუდიანებზე ნადირობა”

საპრარლამენტო ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყოფილი მინისტრების პროკურატურაში დაბარება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

გოცირიძის აზრით, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ დავალებაა მიცემული, რაც მისივე თქმით, სავარაუდოდ, იმით დასრულდება, რომ კვირიკაშვილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური აქტიურობა აეკრძალებათ.

“არსებობს კვირიკაშვილის „შავი სია“. ამ ექვსი წლის განმავლობაში იმდენი კორუფციული ფაქტები იყო და არასდოს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. საკმარისი იყო გიორგი კვირიკაშვილს კარი გაეჯახუნებინა და ბიძინა ივანიშვილმა ოდნავი თუ ოდნავ მეტი ურჩობა არ აპატია. მიდის კუდიანებზე ნადირობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც დარღვევები არ იყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორუფციის ბუდე იყო.

“ეს მაშინ, როცა 25-მილიონი ევრო, რომელიც იმ დროს დაახლოებით 55-მილიონი ლარი იყო, ერთ დღეში გაქრა, როცა გზის მშენებლობისთვის უკრაინულ კომპანია “ალტკომს“ გადაურიცხეს და ეს კომპანია აორთქლდა. სისტემაში უამრავი კორუფციული ფაქტები არსებობდა და ახლა გაახსენდათ თურმე. ჭორებით გვსმენია, რომ კორუფციულ გარიგებებში ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთა დანიშვნაში ალავიძეს მონაწილეობა არ მიუღია“, – აღნიშნა გოცირიძემ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი ეკონომიკისა და ინფრასტუქტურის მინისტრების პროკურატურაში დაბარებას ეხებოდა, თავად პროკურატურამ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

იტვირთბა....