ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უცხოელებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებებით აჭარაში 3 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ჯ.ც. და 1985 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.

ინფორმაციას შშს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ძებნილი დააკავეს. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.ბ.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“დაკავებულმა თანამზრახველ მ.ა.-სთან ერთად ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხმარებლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 4 800 თურქული ლირა გამოსძალა. სამართალდამცველებმა მ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, მიმალვაში მყოფ ა.ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ა.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....