პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომაზე თეა წულუკიანის გამოსვლას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აფასებს.
როგორც კახიძემ განაცხადა წულუკიანის წარდგენა საზოგადოების დაცინვა და მასხრად აგდებაა.
მისივე თქმით, წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მისი კითხვის საპასუხოდ რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა.
“მე მას დავუსვი ერთი კითხვა, თუ როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას, როცა არასამთავრობო სექტორი უცხადებს სრულ უნდობლობას. მან ამ კითხვას უწოდა არასერიოზული და რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა. თქვა, რომ ის ორი წელი ცდილობდა ლადო ჭანტურიას გაყვანას მოსამართლედ სტრასბურგის სასამართლოში, ეს მტკნარი სიცრუეა, ვინაიდან ევროსაბჭომ მას ორი კონკურსი ჩაუგდო და გამოაყოლა საშემოდგომო ორიანი. ამ ორ კონკურსში ლადო ჭანტურია საერთოდ არ მონაწილეობდა. მან კიდევ არაერთი ტყუილი თქვა. ეს ქალბატონი ივანიშვილის ფავორიტია და მართავს უმნიშვნელოვანეს სამინისტროს. მისი მმართველობის თითოეული დღე ამ სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა, თორემ მისი რემარკები მე არ მაინტერესებს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
კახიძის თქმით, “ევროპული საქართველო” მთავრობას მხარს არ დაუჭერს.