სამხრეთ ურალში საოცარი შემთხვევა მოხდა. პიკაპიდან, რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა, მგზავრი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. დიდი სიჩქარით მოძრავ ავტომანქანაზე, პიკაპის ღია საბარგულზე 22 წლის გოგო სელფებს იღებდა და პოზიორობდა, რა დროსაც მან წონასწორობის დაცვა ვერ მოახერხა და გზაზე გადმოვარდა.
ადგილობრივი პროკურატურა ბრალს ავტომანქანის მძღოლს სდებს, რადგან ის მთვრალი მართავდა მას და დიდი სიჩქარით მოძრავი არ შეწინააღმდეგებია ახალგაზრდა გოგოს სურვილს ექსტრემალურ პირობებში გადაეღო სელფი.
სამწუხაროდ, მანქანიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ასფალტზე პირდაპირ თავით დაეცა და როცა სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მივიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, არსებობდა გოგოს გადარჩენის შანსი, მაგრამ მძღოლმა თავიდანვე ვერ შენიშნა, რომ მის უკან, ბორტზე გოგონა აღარ იმყოფებოდა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, როცა ის პატრულმა გააჩერა, მძღოლი მაშინ მიხვდა, რომ გოგო მანქანის საბარგულზე აღარ იყო. პატრულის დახმარებით მოგვიანებით მოხდა დაზარალებულის აღმოჩენა და სასწრაფო დახმარების გამოძახება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მძღოლს 2-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.