გუშინ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას განახლებული მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა.
პარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად 15-20 წლის განმავლობაში ხელშესახები საერთოდ არაფერი გაკეთებულა.
„საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ხელშესახები საერთოდ არაფერი გაკეთებულა. მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მომთხოვნი, ობიექტურად შეგვიძლია ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – 15-20 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არათუ რეფორმა, ხელშესახები არაფერი გაკეთებულა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება. მოგეხსენებათ, რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ჩვენი ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და აუცილებელი კომპონენტი.
რა გაკეთდა უკვე ამ მიმართულებით დღეის მდგომარეობით – უკვე ჩაუტარდა ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსს. ეს გახლავთ 1104 ადამიანი. რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე. უკვე ჩატარებულია მათი საქმეების ხარისხსის შეფასება და ასევე სირთულე საქმეების და შესაბამისად, ყველა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამოძიებელი გაივლის ამ შემოდგომიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ როგორც მათი კვალიფიკაციის, ასევე მათი პოტენციალის ამაღლება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.